ანტიდეპრესანტები ფსიქოტროპული მედიკამენტებია, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ პრეპარატთა დახმარებით საგრძნობლად უმჯობესდება გუნება-განწყობა, მცირდება ან ქრება სევდა, ნაღველი, მოთენთილობა, აპათია, განგაშის შეგრძნება და ემოციური დაძაბულობა, იზრდება ფსიქიკური აქტივობა, წესრიგდება ძილი და მადა.ადამიანის თავის ტვინი შეიცავს უამრავ ნერვულ უჯრედს - ნეირონს, რომელთა შორისაც არსებობს კავშირი, თუმცა ისინი ერთმანეთს უშუალოდ არ ეხება. ყოველ ორ ნერვულ დაბოლოებას შორის მოთავსებულია სივრცე, ნაპრალი, რომელსაც სინაფსს უწოდებენ. ნეირონებს შორის ინფორმაციის გაცვლისას სინაფსში გაივლის ნერვულ-ელექტრული იმპულსი, რომლის მოქმედების შედეგადაც სინაფსურ ნაპრალში გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება - მედიატორი. სწორედ ამ ბიოქიმიური შუამავლის საშუალებით გადასცემს ერთი ნეირონი მეორეს საჭირო ინფორმაციას.
დეპრესიის დროს თავის ტვინში სწორედ ამ მედიატორთა ოდენობა და კონცენტრაცია მცირდება. ისინი სინაფსურ ნაპრალში გაცილებით ნაკლებ ხანს ყოვნდება, რაც აფერხებს ინფორმაციის დროულ და ხარისხიან გადაცემას, მთლიანობაში კი ცენტრალური ნერვული სისტემის, როგორც უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოს, გავლენას მთელ ორგანიზმზე. დღეისთვის ადამიანის ტვინის დაახლოებით 30 მედიატორია ცნობილი, დეპრესიასთან უშუალო კავშირი კი სამ მათგანს: ნორადრენალინს, სეროტონინსა და დოფამინს - აქვს. ანტიდეპრესანტები არეგულირებენ სინაფსში მედიატორის როგორც ოდენობა-კონცენტრაციას, ისე სათანადო ადგილას და სათანადო ხნის განმავლობაში მათი დაყოვნების დროს, რაც დეპრესიის გამო დარღვეულია. თანამედროვე ანტიდეპრესანტები თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფა, თუმცა არსებობს ისეთი წამლებიც, რომლებიც არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნება და ანტიდეპრესანტთა ცალკე ჯგუფს წარმოადგენს.
No comments:
Post a Comment